ქუჩაში ერთხელ

მზე ჯერ კიდევ საგრძნობლად ათბობს,მიუხედავად იმისა,რომ უკვე ბინდი ჩამოწვა და ზაფხულიც უკანასკნელ დღეებს ითვლის. ყველაფერი ნისლიანი და ნაცრისფერია.  მხოლოდ ფოთლები, რომლებიც აქა-იქ გამოჩნდებიან, და ჩამავალი, ელვარე დისკო აფერადებენ გარემოს.   ფოთლებთა უმეტესობას თავი უკვე სასიკვდილოდ გადაუდია…   ისინი უფრთხიან ცივსა და სუსხიან ზამთარს, იციან, რომ ვერ გაუძლებენ გამყინავ სიცივეს და თვითონვე იკლავენ თავს იმ იმედით, რომ გაზაფხულზე ისევ დაბრუნდებიან..

საკუთარი თვალით შევყურებ,როგორ მოფარფატებს მოიისფრო, პასტელურ ფერებში შეხამებული ფოთოლი, ვიხედები ირგვლივ და ვხვდები, რაღაც საოცარ მდუმარებას მოუცავს აქაურობა. მწუხრისფერი იყო გარემო… მტრედებიც კი არ იყვნენ ჩვეულ ფორმაში და ტურისტების (რომელთა სიმცირე აშკარად თვალშისაცემი იყო) მირთმეულ საკენკზე, რომელიც ასე საოცნებო იყო მათთვის, ერთი-ორი მტრედი თუ მივიდოდა და უმალ უკან გამობრუნდებოდა. შევფიქრიანდი…

გზა განვაგრძე.. თბილი, გრიგალის მაუწყებელი, ზღვიური ამოვარდა. დროდადრო წამოწინწკლავდა კიდეც და შევყურებდი გონდოლებს, ჩემი ყურადღება ერთერთმა მენიჩბემ მიიპყრო, რომელიც  დინჯად,მხრებში გამართული უსვამდა ნიჩაბს, და ცოტა ხანით მუსიკას ჩავუწიე. ის სევდიან მელოდიას ღიღინებდა,წვიმის წვეთები კი თავისებურად წკაპუნებდნენ და ბანს აძლევდნენ სევდიან, მაგრამ მაინც ამაყ მეგონდოლეს. გავიღიმე… ნელი სვლით, თითქმის ტაატით, გავიარე პიაცეტა და სულ მალე  მივადექი რიალტოს, ვენეციის 400 ხიდიდან ყველაზე სახელგანთქმულსა და შთამბეჭდავს.

ჰო, ეს ვენეციაა, ქალაქი,რომლის ქუჩაბანდები, არხები, ხიდები და მოედნები ტყუპებივით ჰგავს ერთმანეთს.ჰგავს,მაგრამ თითოეული მათგანი განსხვავებულ ემოციას აღგიძრავს და საოცრად ატკბობს თვალს.

ეს ვენეციაა- „ქალაქთა შორის ყველაზე გაუგონარი და არნახული ქალაქი,რომელსაც მხოლოდ გემით,ღია ზღვის მხრიდან უნდა ეწვიო,” სადაც ყველაფერი ზღაპრულია და იდუმალია. იდუმალია თითოეული ნიღბის უკან დამალული მშვენიერება.

იდუმალი, მრავალფეროვანი, მრავლისმეტყველი იყო თხელი, სიფრიფანა, იმ ფოთლისფერი აბრეშუმის კაბით, რომელიც ქარის გამო სხეულზე მჭიდროდ შემოტმასნოდა და ორაზროვანი ნიღბით დაფარული სახე, საიდანაც მუქი ლურჯი თვალები ელვარებდნენ. რიალტოზე გავშეშდი და მან გვერდით ჩამიარა,ნაზად, აუჩქარებლად. მისი გაშლილი, თოვლის ფიფქივით ფაფუკი თმა ისეთ სურნელს აფრქვევდა,სამოთხის ნეტარებას გაგრძნობინებდა.

თითქოს განგებამ ასე ინებაო,ჩემს აიპოდში დაიწყო ცნობილი კომპოზიცია „ქუჩაში ერთხელ“ , სულ ვგრძნობდი,რომ ამ მელოდიას რაღაც ბუნდოვანი კავშირი ჰქონდა ჩემს ფიქრებთან და იმ  წუთის შემდეგ ეს სიმღერა ჩემი სულის ნაწილი გახდა.
  არაფერს დავიშურებდი ერთხელ რომ მას შევხებოდი…


 

Advertisements
Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: